top of page

სწავლების ორგანიზაციის ძირითადი და დამხმარე ფორმები უმაღლესი განათლების საფეხურებზე

წავლების  ძირითადი  ფორმები: 

  • ლექცია, სემინარი, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები; 

  • სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა; 

  • საკურსო სამუშაო/პროექტი; 

  • საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომი; 

  • კონსულტაცია. 

ლექცია შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობენ ლექტორი და სტუდენტი (იხილეთ ვიდეორგოლი ნიმუშის სახით).  ლექციის  ძირითადი  მიზანია შესასწავლი  საგნის  დებულებათა  იდეის  გაგება, რაც  გულისხმობს  გადმოცემული  მასალის შემოქმედებით  და  აქტიურ  აღქმას. ამასთან, ყურადღება  უნდა  მიექცეს  გადასაცემი  მასალის  ძირითად  დებულებებს, განმარტებებს, აღნიშვნებს, დაშვებებს. საჭიროა მთავარი საკითხების, ფაქტებისა და იდეების კრიტიკული ანალიზი. ლექცია უნდა უზრუნველყოფდეს შესასწავლი გადატვირთვის  გარეშე.  ამიტომ, ის უნდა  იყოს  ლოგიკურად  დასრულებული.  ამასთან, ფაქტები, მაგალითები,  სქემები,  ნახაზები,  ცდები  და  სხვა  თვალსაჩინოებანი უნდა ემსახურებოდეს ლექციის იდეის ახსნას. ლექციამ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების დიალექტიკური პროცესის სწორი ანალიზი და უნდა აიგოს კონკრეტულ გარემოში სტუდენტთა თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობის, ძირითად მეცნიერულ პრობლემათა შეცნობასა და გაგებაზე ორიენტირებით. 

 

ლექციის თემა - იმუნოპროფილაქტიკა და ვაქცინაცია. კითხულობს. ლეილა ახვლედიანი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

    ლექციამ უნდა უზრუნველყოს მეცნიერების დიალექტიკური პროცესის სწორი ანალიზი და უნდა აიგოს კონკრეტულ გარემოში სტუდენტთა თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობის, ძირითად მეცნიერულ პრობლემათა შეცნობასა და გაგებაზე ორიენტირებით. ლექციაზე მოსმენილი მასალა  მთლიანი  ცოდნის  სისტემად  ყალიბდება სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობით. სტუდენტს უნდა აღეძრას წიგნისადმი და სხვა საინფორმაციო წყაროებისადმი ინტერესი და საკითხების დამოუკიდებლად შესწავლის  სურვილი,  რაც დამოუკიდებელი  აზროვნების,  ანალიზისა  და დასკვნების  გაკეთების  სტიმულირების საშუალებაა. ლექციის  ძირითადი დანიშნულებიდან  გამომდინარე,  მისი  წაკითხვის  უფლება  უნდა ენიჭებოდეს  მხოლოდ  გამოცდილ  პედაგოგებს,  ვინაიდან  მათი თეორიული  ცოდნა, პრაქტიკული  გამოცდილება  და  პედაგოგიური ოსტატობა  ლექციის  მაღალ  დონეზე ჩატარების  გარანტიაა.  ლექციის მეთოდური  საკითხების  დამუშავების  დროს  პედაგოგი ყურადღებას უნდა  

ამახვილებდეს  მასალის  გადაცემის  თანმიმდევრობაზე,  ლექციის სტილზე, აუდიტორიასთან კავშირზე. ლექცია უნდა მიმდინარეობდეს სტუდენტთა აქტიური მონაწილეობით, მეთოდურ საშუალებათა და თვალსაჩინოების ფართო გამოყენებით. თეორიული  მასალა,  რომელიც ლექციაზე  გადაიცემა,  კარგად  აღიქმება  სემინარებით, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით

 სემინარის დანიშნულებაა სტუდენტებს მიეცეს ლექციაზე მოსმენილი თემების გაღრმავების საშუალება. წამყვანი პროფესორის ან სემინარის წამყვანი პედაგოგის მითითებით სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი მოიძიებს და ამუშავებს დამატებით ინფორმაციას, ამზადებს პრეზენტაციას, წერს ესეს და სხვ. სემინარზე მოისმინება მოხსენებები, იმართება დისკუსია, კეთდება  დასკვნები. სემინარის ხელმძღვანელი პედაგოგი  კოორდინაციას  უწევს  ამ პროცესების მიზანმიმართულად წარმართვას.

 

სემინარი

  ლაბორატორიული მეცადინეობა უფრო თვალსაჩინოა და ამა თუ იმ მოვლენის ან პროცესის  აღქმის  საშუალებას  იძლევა.  ლაბორატორიაში სტუდენტი სწავლობს ექსპერიმენტის ჩატარებას. ლაბორატორიული მეცადინეობის  დროს სტუდენტი უნდა  ეუფლებოდეს მოწყობილობათა გამართვას,  რეგულირებასა და მუშაობის რეჟიმის  დადგენას. ექსპერიმენტულ სასწავლო ლაბორატორიებში გამომუშავებული ჩვევები ლექციებზე მოსმენილი თეორიული მასალის გააზრების საშუალებას იძლევა.

    პრაქტიკული  მეცადინეობის  დანიშნულებაა  კონკრეტული  ამოცანების გადაწყვეტის საშუალებით  თეორიული  მასალის  თანდათანობითი  შესწავლა, რაც თეორიული მასალის დამოუკიდებლად გამოყენების ჩვევების გამომუშავების საფუძველია.  პრაქტიკული მეცადინეობის  ხელმძღვანელმა ყურადღება  უნდა გაამახვილოს  ამოცანათა  გადაწყვეტის მეთოდიკაზე,  ნახაზების,  ესკიზების, სქემების  შესრულებაზე,  გაანგარიშებებში  შესაბამისი ტექნიკის გამოყენებაზე და სხვ. 

ლაბორატორიული სამუშაო

    სასწავლო  და  საწარმოო  პრაქტიკა  ემსახურება  სტუდენტის  მიერ მიღებული  ცოდნის გაღრმავებასა  და  განმტკიცებას. იგი ანვითარებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, შესწავლილი საგნისათვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებას პრობლემე–ბის გადასაჭრელად, 

    საკურსო  სამუშაო / პროექტი შემოქმედებითი პროცესია.  ყოველი  ახალი ნაგებობა,  მანქანა, ინსტრუმენტი,  ავტომატური მოწყობილობა  და  სხვა პროექტის მიხედვით იქმნება. დაპროექტების პროცესი  თეორიისა  და პრაქტიკის  შეხამებაა. სწავლების  პერიოდში სტუდენტი  ასრულებს გრაფიკულ  მოცემულობებსა და  საკურსო პროექტებს,  რომლებიც, ფაქტობრივად,  სტუდენტის პირველი დამოუკიდებელი  სამუშაოა,  თუმცა  პედაგოგის ხელმძღვანელობით ხორციელდება.

     საბაკალავრო,  სამაგისტრო  და  სადოქტორო  ნაშრომი  უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში  სწავლების  ცალკეული  საფეხურის დამამთავრებელი  ეტაპია  და  მისი მიზანია სპეციალობაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სისტემატიზაცია და კონკრეტული  სამეცნიერო,  ტექნიკური,  ეკონომიკური  თუ  საწარმოო  ამოცანების დასაბუთებული  გადაწყვეტა.  ნაშრომმა  უნდა გამოავლინოს  დასმულ  საკითხებთან დაკავშირებული  კვლევის  მეთოდებისა  და  ექსპერიმენტების  დაუფლების  დონე  და მომავალი პროფესიული საქმიანობის პირობებში სტუდენტის მზადყოფნა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. ნაშრომის შესრულებას ხელმძღვანელობს გამოცდილი პედაგოგი. 

    კონსულტაციები  სტუდენტს  ხელს  უნდა  უწყობდეს  პედაგოგის  დახმარებით  დაეუფლოს დამოუკიდებლად მუშაობის  ჩვევებს, სასწავლო ლიტერატურასა  და  სხვა  წყაროებზე მუშაობის  სწორად  წარმართვას  და  დამოუკიდებელი  მუშაობისას წამოჭრილ  საკითხებში გარკვევას. 

სწავლებისა და სწავლის მეთოდები 

   სწავლების პროცესში რომელიმე კონკრეტული საკითხის შესწავლა შეუძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით. პედაგოგს სწავლების პროცესში უხდება სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, ასევე ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას. სწავლების პროცესში მეთოდები ერთმანეთს ავსებს. გთავაზობთ  სწავლებისა  და  სწავლის  ყველაზე  გავრცელებულ  მეთოდებს  და  მათ განმარტებებს.  მათგან საჭირო  მეთოდს,  კონკრეტული  მიზნიდან  და  ამოცანიდან გამომდინარე, შეარჩევს პედაგოგი. 

1. დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს სტუდენტს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.

2. თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება – იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. ჯგუფის თითოეული წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს. 

3. ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფურად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალებების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ თავის მოსაზრებებს ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების 

გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში. 

4. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს კონკრეტულ პრობლემას.

5. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს პროცესი სწავლებისას ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება. 

6. შემთხვევების შესწავლა (Case study) – აქტიური პრობლემურ-სიტუაციური ანალიზის მეთოდი, რომლის საფუძველია სწავლება კონკრეტული ამოცანების - სიტუაციების გადაჭრის გზით (ე. წ. ”კეისების” ამოხსნა). სწავლების ეს მეთოდი დაფუძნებულია კონკრეტული პრაქტიკული მაგალითების (კეისების) განხილვაზე. ”კეისი” წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუმენტს, რომელიც მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენების საშუალებას იძლევა პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისათვის. თეორიისა და პრაქტიკის შეხამებით, მეთოდი ეფექტიანად ანვითარებს დასაბუთებული გადაწყვეტილებების შეზღუდულ დროში მიღების უნარს. სტუდენტებს უნვითარდებათ ანალიტიკური აზროვნება, გუნდური მუშაობის, ალტერნატიული აზრის მოსმენისა და გაგების, ალტერნატივების გათვალისწინებით განზოგადოებული გადაწყვეტილებების გამომუშავების, მოქმედებების დაგეგმვისა და მათი შედეგების პროგნოზირების უნარი. 

7. გონებრივი იერიში (Brain storming) – პრობლემის გადაჭრის ოპერატიული მეთოდი შემოქმედებითი აქტიურობის სტიმულირების საფუძველზე. მეთოდი გულისხმობს თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული აზრის, იდეის ჩამოყალიბებისა და გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი განაპირობებს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. მეთოდის გამოყენება ეფექტიანია მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან: 

  პრობლემის/საკითხის განსაზღვრა შემოქმედებითი კუთხით; 

  დროის გარკვეულ მონაკვეთში საკითხის ირგვლივ მსმენელთა მიერ გამოთქმული იდეების კრიტიკის გარეშე ჩანიშვნა (ძირითადად დაფაზე); 

  შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა კვლევის მიზანთან იდეის შესაბამისობის დასადგენად; 

  შერჩეული იდეების შეფასება წინასწარ გასაზღვრული კრიტერიუმებით; 

  გამორიცხვის გზით იმ იდეების გამორჩევა, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება დასმულ საკითხს; 

  უმაღლესი შეფასების მქონე იდეის, როგორც დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალების გამოვლენა. 

8. როლური და სიტუაციური თამაშები – მიეკუთვნება თამაშების ტიპის მეთოდებს, რომლებიც მოიცავენ საქმიან (როლურ) თამაშებს, დიდაქტიკურ ანუ სასწავლო თამაშებს, სათამაშო სიტუაციებს (სიტუაციურ თამაშებს), სათამაშო ხერხებსა და პროცედურებს. წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით განხორციელებული თამაშები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედონ საკითხს. იგი ეხმარება მათ ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, ეს თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და 

კამათში მისი დაცვის უნარს. 

9. დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის, ასევე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს. 

10. ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა ფაქტებიდან განზოგადებისაკენ არის მიმართული ანუ მასალის გადმოცემისას პროცესი მიმდინარეობს კონკრეტულიდან ზოგადისკენ. 

11. დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი ცოდნის გადაცემის ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ პროცესს წარმოადგენს ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ. 

12. ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება. 

13. სინთეზის მეთოდი გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის დანახვის უნარის განვითარებას.  

14. ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი. ამ მეთოდს მიეკუთვნება ლექცია, თხრობა, საუბარი და სხვ. აღნიშნულ პროცესში პედაგოგი სიტყვების საშუალებით გადასცემს, ხსნის სასწავლო მასალას, ხოლო სტუდენტები მოსმენით, დამახსოვრებითა და გააზრებით მას აქტიურად აღიქვამენ და ითვისებენ. 

15. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის მოქმედებებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის ან ესეს შესრულება და სხვ. 

16. ლაბორატორიული მეთოდი გულისხმობს შემდეგი სახის მოქმედებებს: ცდების დაყენება, ვიდეომასალის, დინამიკური ხასიათის მასალის ჩვენება და სხვ. 

17. პრაქტიკული მეთოდები – აერთიანებს სწავლების ყველა იმ ფორმას, რომელიც სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უყალიბებს. ამ შემთხვევაში სტუდენტი შეძენილი ცოდნის საფუძველზე დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას, მაგალითად, საწარმოო და პედაგოგიური პრაქტიკა, საველე მუშაობა და სხვ. 

18. ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პედაგოგს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში. 

19. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პედაგოგისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია. 

20. პროექტის შემუშავება და პრეზენტაცია - არის სასწავლო-შემეცნებითი ხერხების ერთობლიობა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა სტუდენტის დამოუკიდებელი მოქმედებებისა და მიღებული შედეგების აუცილებელი პრეზენტაციის პირობებში. ამ მეთოდით სწავლება ამაღლებს სტუდენტთა მოტივაციასა და პასუხისმგებლობას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებლად ჩაითვლება, თუ მისი შედეგები თვალსაჩინოდ, დამაჯერებლად და კონკრეტული ფორმით არის წარმოდგენილი. იგი შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად; ასევე, ერთი საგნის ან რამდენიმე საგნის (საგანთა ინტეგრაციის) ფარგლებში. დასრულების შემდეგ პროექტი წარედგინება ფართო აუდიტორიას. 

21. ელექტრონული სწავლება (E-learning) – გულისხმობს სწავლებას ინტერნეტითა და მულტიმედიური საშუალებებით. იგი მოიცავს სწავლების პროცესის ყველა კომპონენტს (მიზნები, შინაარსი, მეთოდები, საშუალებები და სხვ.), რომელთა რეალიზება ხდება სპეციფიკური საშუალებებით. ელექტრონული სწავლება არის სამი სახის: 

  დასწრებული, როდესაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს პედაგოგისა და სტუდენტების საკონტაქტო საათების ფარგლებში, ხოლო სასწავლო მასალის გადაცემა ხორციელდება ელექტრონული კურსის საშუალებით; 

  დისტანციური სწავლება გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პროფესორის  ფიზიკური დასწრების გარეშე. სასწავლო კურსი თავიდან ბოლომდე დისტანციურად, ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობს; 

  ჰიბრიდული  (დასწრებული/დისტანციური)  -  სწავლების  ძირითადი  ნაწილი მიმდინარეობს დისტანციურად, ხოლო მცირე ნაწილი ხორციელდება საკონტაქტო საათების ფარგლებში. 

 

თემა მომზადებულია მასალიდან: www.gtu.ge/quality/pdf/sc.pdf

bottom of page