კრიტიკული აზროვნება, მისი ხელშემწყობი გარემო და ფაქტორები
კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის ის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ინფორმაციული ინდუსტრიის ეპოქაში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. „შავი" და „თეთრი" რიტორიკის შემცველი ინფორმაციის შემოტევის პირობებში ეს პროცესი ლოკალური ან კერძო ხასიათისაა. რამდენადაც თითოეულ მოქალაქეს პერმანენტულად უწევს სწრაფად ცვალებად გარემოში არჩევანის გაკეთება, ბუნებრივი იქნება, საზოგადოება დაინტერესდეს, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. მრავალრიცხოვანი ფაქტები ჩვენი რეალობიდან ადასტურებს, რომ სწავლების ისეთი ფორმების არსებობა, რომლებიც დაეხმარება ადამიანს, უფრო პროდუქტიულად იაზროვნოს, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.
კრიტიკული აზროვნება ნეგატიურ განხილვას ან უსაფუძვლო კრიტიკას კი არა, ამა თუ იმ საკითხისადმი გონივრულ მიდგომებს გულისხმობს. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანისთვის ინფორმაციის გაგება ძირითადად საყრდენ წერტილს წარმოადგენს და არა სწავლების დამამთავრებელ ეტაპს.
ეს პროცესი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსწავლის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, მისი სააზროვნო პროცესები ტექსტის გაცნობისთანავე „ჩაირთოს“, ამიტომ მასწავლებელმა უნდა მოახერხოს გაკვეთილის დასაწყისშივე ისეთ აქტივობათა გამოყენება, რომლებიც აქტიური გონებრივი მუშაობისკენ უბიძგებს მოსწავლეს. ამგვარ ტექნოლოგიებს შორის გამოიკვეთება კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით (მეთოდის ავტორები არიან ამერიკელი მეცნიერები ჯ. სტილი, კ. მერედიტი, ჩ. ტემპლი, მის საფუძველს კი წარმოადგენს დ. იუის და ჟ. პიაჟეს ნაშრომები). აღნიშნული ტექნოლოგია თანხმობაშია სწავლების ტრადიციულ ფორმებთანაც. იგი გულისხმობს, რომ:
კრიტიკული აზროვნების ზოგიერთ ელემენტს კარგად იცნობენ პედაგოგები;
ტექნოლოგიის გამოყენებისას უპირატესობა ენიჭება ურთიერთობას
„სუბიექტი/სუბიექტი“;
ურთიერთობის ხასიათი და სტილი დემოკრატიულია, დიალოგის ფორმისაა და გამოირჩევა ღიაობით, რეფლექსიურობით;
საქმიანობის წამყვანი ტიპია პროდუქტიულობა, შემოქმედებითობა, პრობლემატურობა;
ტექნოლოგიის ათვისების საშუალებებია მაძიებლობა, რეფლექსია;
ამ დროს გაკვეთილის ორგანიზების ფორმებია ინდივიდუალური და ჯგუფური;
სწავლის მეთოდებია პრობლემური, ნაწილობრივ-მაძიებლობითი, კვლევითი, რეფლექსიური;
ტექნოლოგია ხელს უწყობს აზროვნების მოქნილობის ფორმირებას, მიზანსწრაფულობას, შეცდომების გამოსასწორებლად მზადყოფნას, ერთი იდეის მეორით შეცვლის საფუძვლიანობას, კამათის არგუმენტირებულობას და ორიგინალურ აზროვნებას.
ტექნოლოგიის „კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით“ მოდელი მოიცავს სამ ეტაპს ან სტადიას, რომლებიც ადამიანის მიერ გარე სამყაროს აღქმის სტადიებს შეესაბამება:
I სტადია - გამოწვევა, მოტივაცია - მისი გამოყენება ყოველ გაკვეთილზეა აუცილებელი. იგი საშუალებას გვაძლევს:
ა) მოვახდინოთ მოცემულ თემაზე ან პრობლემაზე მოსწავლის ცოდნის აქტუალიზაცია და განზოგადება;
ბ) გამოვიწვიოთ შესასწავლი თემის მიმართ მოსწავლის ინტერესი, გავზარდოთ სასწავლო მოღვაწეობისადმი მისი მოტივაცია;
გ) გავუღვივოთ მოსწავლეს აქტიური მუშაობის სურვილი არა მარტო გაკვეთილზე, არამედ შინაც.
II სტადია - გააზრება - საშულებას აძლევს მოსწავლეს:
ა) მიიღოს ახალი ინფორმაცია;
ბ) გაიაზროს იგი;
გ) შეუთანხმოს უკვე არსებულ ცოდნას;
III ფაზა - რეფლექსია. აქ მთავარია:
ა) მიზანმიმართული გააზრება, მიღებული ინფორმაციის განზოგადება;
ბ) ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის ათვისება;
გ) თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება შესასწავლი მასალის მიმართ.
ეს მეთოდები მასწავლებლებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. მათ თითქმის ყველა იყენებს, მაგრამ სხვა სახელით, მაგალითად, ნაცვლად ტერმინისა „გამოწვევა, მოტივი“ უფრო ხშირად გამოიყენება სახელდება „პრობლემის შესავალი“, ანდა „მოსწავლის ცოდნისა და გამოცდილების აქტუალიზაცია“, „გააზრება“ კი იგივე გაკვეთილის ნაწილია, რომელიც ახალი მასალის შესწავლას ემსახურება. ტრადიციულ გაკვეთილზე გვხვდება მესამე სტადიაც - მასალის განმტკიცება და შემოწმება.
რა განსხვავებაა მათ შორის? რას შეიცავს ახალს კრიტიკული აზროვნების ტექნოლოგია?
სიახლის ელემენტებს ის მეთოდური მიდგომები შეიცავს, რომლებიც აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებისას ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის თავისუფალი პიროვნული განვითარებისთვის პირობების შექმნაზე - ამ ტექნოლოგიის გამოყენების დროს გაკვეთილის თითოეულ სტადიაზე მიმართავენ შესაფერის მეთოდურ სტრატეგიებს (მიდგომებს), რომლებიც ხელს უწყობს თემისადმი ინტერესის გაზრდას და მასალასთან უშუალო მუშაობას; განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ მოცემული ტექნოლოგია ინტენსიურად ავითარებს წერილობით ტექსტთან მუშაობის უნარებს. არსებობს კრიტიკული აზროვნების განვითარების სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა გამოყენება ასევე წარმატებით შეგვიძლია „კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით“ ტექნოლოგიის დროსაც.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
გააზრების ანუ I სტადიაზე ძალიან წამახალისებელია სტრატეგია „იდეების, ცნებების, სახელების, კალათას“ გამოყენება (იგივეა, რაც „გონებრივი იერიში“), განსაკუთრებით - გაკვეთილის დასაწყისში ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისთვის, როცა მიმდინარეობს ცოდნისა და გამოცდილების აქტუალიზაცია. იგი იძლევა იმის გამოვლენის საშუალებას, რა იციან და რას ფიქრობენ მოსწავლეები აღნიშნული საგაკვეთილო თემის შესახებ. ამ „კალათაში“ შეგვიძლია მოვათავსოთ ფაქტები, აზრები, სახელები, პრობლემები, თემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. გაკვეთილის მსვლელობისას ეს ფაქტები და აზრები, პრობლემები და ცნებები შეიძლება ლოგიკური ჯაჭვით დავაკავშიროთ ერთმანეთთან (სტრატეგიის მიხედვით, დაფაზე დავხატავთ კალათას, რომელშიც, პირობითად მოვათავსებთ ყველაფერს, რაც იციან მოსწავლეებმა აღნიშნული თემის შესახებ (ეს დავალება ჯერ ინდივიდუალურად სრულდება, მერე - ჯგუფურად, მერე კი ხდება იდეების შეერთება და საერთო თეზისის (თუნდაც მცდარის) გამოყოფა. ყოველი მათგანის ჭეშმარიტება გამოვლინდება თანდათან, ინფორმაციის დაგროვების გზით). მაგალითად:
ტექნოლოგიის „კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით“ ერთ-ერთი მეთოდური სტრატეგიაა ინსერტი, ანუ „შენიშვნების მინდორი“ (იგივეა, რაც შერჩეულ ნიშანთა სისტემა - შნესკა). სტრატეგიის არსი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: როგორ წავიკითხოთ ტექსტი ისე, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ ინტერესი“. იგი აქტიური კითხვის მეთოდია და ასეთი მიდგომა ძალიან ეფექტურია გააზრების ანუ II სტადიაზე.
ამ სტრატეგიის წყალობით ტექსტის კითხვის პროცესი ძალიან ცოცხალი და ხალისიანი ხდება. ამ დროს მოსწავლეები მინდორზე საგანგებო ნიშნებს სვამენ, რაც გამორიცხავს ტექსტის პასიურ წაკითხვას პირველი გაცნობისას. მოსწავლე ყურადღებით კითხულობს, რათა არ გამოეპაროს ის, რაც ნაცნობია, არ იცის, ვერ გაიგო, ან რის შესახებაც მეტის გაგება სურს. ინსერტის დროს აუცილებელი არ არის შენიშვნის გაკეთება ყოველი სტრიქონის გასწვრივ ან მაინცდამაინც განსზღვრული რაოდენობის ნიშნის გამოყენება; მთავარია, მკითხველმა მოახერხოს ტექსტის შინაარსის მთლიანობაში წარმოდგენა.
Insert-ის გამოყენების მაგალითი გეოგრაფიის გაკვეთილზე
გაკვეთილის თემა: „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და მათი შედეგები“
„კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, მაგრამ ეგონა, რომ აღმოაჩინა ინდოეთისკენ მიმავალი ახალი გზა. ამას მოჰყვა ამერიკის კოლონიზაცია, ევროპელების მიერ ახალი ტერიტორიების დაკავება ამერიკის კონტინენტზე და ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვა. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ ევროპაში დაეცა ოქროს ფასი, ყველა სხვა საქონლისა კი გაიზარდა“.
ნიშანთა სისტემით წაკითხვა:
კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა, მაგრამ ეგონა, რომ აღმოაჩინა ინდოეთისკენ მიმავალი ახალი გზა - () - ეს ვიცოდი;
ამას მოჰყვა ამერიკის კოლონიზაცია, ევროპელების მიერ ახალი ტერიტორიების დაკავება ამერიკის კონტინენტზე - (+) -ეს ახალია;
ამავე დროს ამერიკის მკვიდრმა მოსახლეობამ დამოუკიდებლობა დაკარგა - (-) - სხვაგვარად ვფიქრობდი;
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ ევროპაში დაეცა ოქროს ფასი, თუმცა დანარჩენი საქონლისა გაიზარდა - (?) - რატომ მოხდა ასე?
გააზრების სტადიაზე ასევე აქტიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ სტრატეგია „ფიშბოუნი“, ჩანაწერების, მაგალითად, „საბორტო ჟურნალის“ სტრატეგია, კითხვების დასმა და სხვ. სტრატეგია „Fishbon“ (ფიშბოუნი). მისი სახელწოდება სიტყვა „თევზს“ უკავშირდება, რადგან სტრატეგიის ვიზუალური გამოსახულება თევზს ჰგავს. იგი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გაყონ პრობლემატური თემა მიზეზებად და არგუმენტებად. უმთავრესად იყენებენ გაკვეთილის საწყის ეტაპზე. სამუშაო სრულდება ინდივიდუალურად და ჯგუფებში. მნიშვნელოვანი მომენტია შევსებული სქემის პრეზენტაცია. მაგალითად,
პრობლემა: ეკოლოგიური პრობლემა წარმოშობს ქვეყნებს შორის კონფლიქტს;
მიზეზი: ატმოსფეროს დაჭუჭყიანება სცილდება ცალკეული ქვეყნების საზღვრებს;
ფაქტი: შვედეთის ტბებში (25 ათასი ტბა) მჟავიანობის მომატება, თავის მხრივ, უკავშირდება მეზობელი ქვეყნების (ინგლისი, ნორვეგია) ეკოლოგიურ პრობლემებს; 1975 წელს მალაკსის ყურეში ტანკერის ავარიამ კონფლიქტი წარმოშვა მალაიზიას და ინდონეზიას შორის;
შედეგები: ეკოლოგიური კონფლიქტები ფართოვდება და გლობალური ხასიათი აქვს:
სტრატეგია „პირადი (საბორტო) ჟურნალები“. სტრატეგიის არსი ასეთია: თემის შესწავლისას მოსწავლე ჩანაწერებს აკეთებს. მან უნდა უპასუხოს ორ მთავარ კითხვას: ა) რა ვიცი მოცემული თემის შესახებ? ბ) რა გავიგე ახალი ამ ტექსტიდან? როცა მათ შესაბამის პასუხებს წააწყდება, მას ჟურნალში იწერს. ამ გზით ის იყალიბებს თავის წარმოდგენებს გარე სამყაროს შესახებ, უკეთ შეიმეცნებს მას. ამავე სტადიაზე წარმატებით გამოიყენება სტრატეგია „შეკითხვების დაფა“, რომელიც „წვრილმანი“ და მსხვილმანი“ შეკითხვებისგან შედგება:
რეფლექსიის ანუ III სტადიაზე შეგვიძლია გამოვიყენოთ ისეთი მიდგომები, როგორიცაა, მაგალითად, სინკვეინი და კლასტერები. სტრატეგია „სინკვეინის“ (ფრანგ. ხუთსტრიქონიანი ლექსი, რომელიც დაწერილია განსაზღვრული წესების მიხედვით) გამოყენება მოსწავლისგან სასწავლო მასალის, ინფორმაციის მოკლე შეჯამებას მოითხოვს, ხოლო რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეს შეუყვარდება კიდეც მისი გამოყენება. სინკვეინის წერის წესები ასეთია: 1-ელი ხაზი - იწერება ერთი სიტყვა - არსებითი სახელი - სინკვეინის თემა; მე-2 ხაზი - იწერება განსაზღვრება, რომელიც ხსნის სინკვეინის თემას; მე-3 ხაზი - ესაა ზმნა, რომელიც აღწერს სინკვეინის თემისადმი მიკუთვნებულ ქმედებას; მე-4 ხაზი - ესაა მთლიანი ფრაზა, რომლის დახმარებით მოსწავლე გამოთქვამს თავის დამოკიდებულებას თემის მიმართ. ეს შეიძლება იყოს მოკლე ფორმის გამოხატულება, ციტატა ანდა მოსწავლის მიერ შედგენილი ფრაზა; მე-5 ხაზი - სიტყვა-რეზიუმეა. იგი გამოხატავს სინკვეინის თემისადმი დამოკიდებულებას. მაგალითად,
რაც შეეხება კლასტერების (სხივი, ვარსკვლავი) შედგენის სტრატეგიას, ის მიზნად ისახავს ამა თუ იმ თემის შესახებ ცოდნის სისტემატიზებას: მოსწავლე ფურცლის შუაში წერს ძირითად ცნებას - ზმნას, შემდეგ კი ხატავს მისგან სხვადასხვა მიმართულებით გამომავაალ სხივებს, რომლებიც ამ სიტყვას სხვასთან აერთებს, იქიდან კი მერე სხვებს უერთდება და ა.შ. მაგალითად,
ტექნოლოგია „კრიტიკული აზროვნების განვითარება კითხვისა და წერის საშუალებით“ მოიცავს უამრავ სხვა სტრატეგიასაც, რომელიც ხელს უწყობს გააზრებულად სწავლებას და აღზრდას, აზროვნების სისხარტეს, ლოგიკურობას, კრიტიკულ გააზრებას, საკუთარი და სხვისი აზრისადმი პატივისცემას, რომელთა გამოყენებით გაკვეთილი გაცილებით სასიამოვნო, საინტერესო, მრავალგვარი და ცოცხალია.
კრიტიკული აზროვნება სასწავლო პრცესში
თარგმნილია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით პროექტის "საგანმანათლებლო ვიდეორესურსები მედიაწიგნიერებისათვის" ფარგლებში
საერთაშორისო კვლევები წიგნიერებაში, რომლებშიც საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა, გვაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, მოსწავლეებში წიგნიერების, ანუ წერისა და კითხვის უნარების განვითარების მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალის ბოლო ათეულშია. ამ ფაქტზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა მასმედიამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან წიგნიერების დონე მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობით არ განისაზღვრება, როგორც ზოგადად გავრცელებული აზრია. მნიშვნელოვანია კითხვის სტრატეგიების დაუფლება, რომლების არცოდნაც მეთოდური პრობლემაა. ჩვენ ვაკლებთ ახალგაზრდებს განათლების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. ვერ ვუყალიბებთ მათ კრიტიკული აზროვნების უნარს. თუკი ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები საკმარისი არ აღმოჩნდა კრიტიკული აზროვნების სწავლების აუცილებლობაში დასარწმუნებლად, მაშინ სხვაგვარად შევხედოთ საკითხს _ მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც ამას კრიტიკული აზროვნების ფსიქოლოგიის მკვლევარი დ. ჰელპერნი გვთავაზობს. ცნობილია, რომ "ადამიანების უმრავლესობა ასრულებს
ოფიციალურ განათლებას 18-დან 22 წლამდე. დავუშვათ, რომ დღევანდელი ახალგაზრდების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე დიდია კაცობრიობის ისტორიაში: მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, 70 წელზე მეტს იცოცხლებს. წარმოსადგენადაც კი ძნელია, როგორი იქნება რეალობა 2080 _ 2090 წლებში. ეს სწორედ ის ეპოქაა, რომელშიც იცხოვრებს ამ სტატიის მკითხველთა უმრავლესობა. დარწმუნებით შეიძლება ერთი რამ ითქვას: უმეტესობას, ვინც დღეს ახალგაზრდაა, მოუწევს იმგვარი სამუშაოს შესრულება და იმგვარი ტექნოლოგიებით სარგებლობა, რომლებიც არც კი დაესიზმრებათ თანამედროვე მეცნიერ-ფანტასტებს. მაშ, როგორი ცოდნის მიღებაა აუცილებელი სიცოცხლის პირველ საფეხურზე, რომ მშვიდად გრძნობდე თავს შემდეგი 50 წლის განმავლობაში?"
მეცნიერები თანხმდებიან, რომ გამოსავალი პერსპექტივაზე გათვლილ განათლებაშია, რომელსაც საფუძვლად უნდა ედოს ორი პრინციპი: 1. ინფორმაციის მზარდ ნაკადში სწრაფი ორიენტაციისა და საჭირო მასალის მოძიების უნარი; 2. უნარი, სწორად იქნას გააზრებული და გამოყენებული მიღებული ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინფორმაციის გაცხრილვა, წესრიგში მოყვანა: მნიშვნელოვანის გამოყოფა მეორეხარისხოვანისაგან, ანალიზი, ინტერპრეტაცია და გათავისება. თუკი ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გავერკვეთ საკითხების მრავალფეროვნებაში, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მივიღებთ პასუხებს შეკითხვებზე, მაგრამ ვერ მოვახდენთ მათზე რეფლექსიას.
დღემდე მოსწავლე-ახალგაზრდობის მიმართ ტრადიციული მოთხოვნაა, რომ დაისწავლონ, დაიმახსოვრონ, გააანალიზონ ფაქტები, გადაჭრან დასმული ამოცანები, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება იმის შეფასება, რამდენად შესწევთ ახალგაზრდებს ამ ცოდნის გამოყენების უნარი სხვადასხვა კონტექსტში, ან როგორ უნდა გააკეთონ ეს. XX საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა საერთოO მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს განათლების არსი. ურთიერთშეთანხმება მიღწეულ იქნა ლიბერალური განათლების მომხრეთა პოზიციებზე დაყრდნობით. ახალი კონცეფციის მიხედვით, განათლების არსს, პირველ რიგში, უნდა წარმოადგენდეს: ინფორმაციის განხილვა, გააზრება, ათვისება და არა არასისტემატიზებული უნარ-ჩვევებისა და სწრაფად დაძველებადი ცნობების დაგროვება. უკვე ათწლეულის ბოლოს საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებების სასწავლო გეგმებში კრიტიკული აზროვნების (კა) დანერგვის პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. ამ ტენდენციის კვალდაკვალ, რეფორმა განხორციელდა საქართველოშიც, თუმცა _ მძიმედ. სიახლე სერიოზულ სირთულეებს წააწყდა იმპლემენტაციის პროცესში. ამის ერთ-ერთი მიზეზი _ მასწავლებელთა პროფესიული მომზადების არასათანადო დონე _ დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რაც აისახა კიდეც მოსწავლე-ახალგაზრდობის კრიტიკული აზროვნების განვითარების ხარისხზე. საქმე ისაა, რომ პედაგოგი, რომელიც თავად არ არის კრიტიკულად მოაზროვნე, ვერც ახალგაზრდებში შეძლებს ამ უნარის განვითარებას.
ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს სპეციალური პროგრამები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გააცნობს მათ კრიტიკული აზროვნების დიდაქტიკურ საფუძვლებს. კრიტიკული აზროვნების განვითარება უწყვეტი პროცესია, რაზედაც ადამიანი დაუსრულებლად ზრუნავს. მასწავლებელი თავად უნდა ცდილობდეს პედაგოგიური ტექნოლოგიების გამდიდრებას კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიებით. ამ მხრივ, უნივერსიტეტებს შეუძლიათ სკოლებს სერიოზული დახმარება გაუწიონ (ერთობლივი სემინარების მომზადება, პრაქტიკული კვლევების ჩატარება, ტრენინგები, კითხვის ასოციაციების ჩამოყალიბება და სხვა). პრობლემის დასაძლევად კი, პირველ რიგში, განათლების სპეციალისტები უნდა შეთანხმდნენ რამდენიმე საკვანძო საკითხზე:
1. კონკრეტულად რა უნარები და მახასიათებლები გამოარჩევს კრიტიკულ აზროვნებას?
2. კრიტიკული აზროვნების სწავლების რა ეფექტური მეთოდები არსებობს?
3. როგორი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად მოაზროვნედ?
სწორი იქნება, კონსტრუირების "ტექნიკური” ეტაპების განხილვამდე საკვანძო თეორიულ წინაპირობებზე შევჩერდეთ.
რა არის კრიტიკული აზროვნება?
ათვლის წერტილია. საფუძველი – ეს ის წანაპირობაა, რომელიც საერთოა ორატორის ან მწერლის და მათი აუდიტორიისათვის. საფუძველს ეყრდნობა მთელი არგუმენტაცია.
5. კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს, ან როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: "სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით”.
კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ პედაგოგს, რ. ენისს (Robert H. Ennis-ის ოფიციალური აკადემიური ვებ გვერდი). მან ერთ-ერთმა პირველმა დაამუშავა კრიტიკული აზროვნებისათვის მზაობის, განწყობის ან, სხვაგვარად, შინაგანი მოტივაციების სისტემა, რომელიც აზროვნების "ხარისხს” განაპირობებს. რ. ენისის კონცეფციის თანახმად, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი უნდა:
1. ზრუნავდეს იმაზე, რომ მისი შეხედულებები და გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული. ამისათვის მას სჭირდება:
-
წყაროებისა და დასკვნების ალტერნატიული განმარტებების, ახალი ჰიპოთეზების მოძიების უნარი;
-
ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი;
-
საკუთარისაგან განსხვავებული თვალსაზრისების განხილვის უნარი;
-
მისწრაფება მრავალმხრივი ცოდნისა და საკუთარი თვალსაწიერის მუდმივი გაფართოებისაკენ;
2. ფლობდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პოზიციის ნათლად წარმოდგენის უნარს:
-
ნათლად და ზუსტად ესმოდეს ნათქვამისა და დაწერილის არსი, სიტუაციის თავისებურებების გათვალისწინებით;
-
ახერხებდეს კონცენტრაციას საკითხსა და დასკვნებზე, ცდილობდეს, არ ასცდეს ძირითად თემას;
-
ეძებდეს და წარმოადგენდეს დასაბუთებულ მოსაზრებებს;
-
ითვალისწინებდეს სიტუაციას მთლიანობაში;
-
კარგად იაზრებდეს საკუთარ პოზიციას;
3. პატივს უნდა სცემდეს თანამოსაუბრის აზრსა და ღირსებას, ე.ი.:
-
შეეძლოს სხვების მოსმენა და გაგება.
მოცემული უნარების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასწავლო პროცესში ხდება დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. კრიტიკული აზროვნება არის თავისებური "აზროვნება ცოდნაზე”, რომელიც საშუალებას იძლევა "იმისა, რომ შეიქმნას რაღაც ახალი, გამოყენებულ იქნას ადრე მიღებული ცოდნა”. ამასთან ერთად, ცნება "ცოდნა” გამოიყენება ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.
ცოდნა და აზროვნება
თანამედროვე გაგებით, ცოდნა არასტატიკურია. ის არ შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს ისე, როგორც შეიძლება გადავასხათ რაიმე სითხე ჭურჭლიდან ჭურჭელში. ის დინამიკურია. ცხადია, მცდარი იქნება, ვიფიქროთ, რომ ყველამ უნდა დავიწყოთ ნულიდან და თავიდან გამოვიგონოთ ბორბალი. კოგნიტიურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ჩვენ ვეყრდნობით ვიღაცის მიერ შექმნილ ცოდნას იმისათვის, რომ შევქმნათ რაღაც ახალი. ჩვენ ვქმნით ცოდნას ყოველ ჯერზე, როდესაც ვეცნობით ახალ ცნებებსა და იდეებს. ახლად მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ჩვენი საკუთარი ცოდნის შინაგანი სტრუქტურის შესაქმნელად (ცოდნის სტრუქტურა – ეს ტექნიკური ტერმინის მსგავსი ცნება გამოიყენება კოგნიტიური ფსიქოლოგიის მიერ ყველა ურთიერთდაკავშირებული წარმოდგენის აღსაწერად, რაც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ყველა განსხვავებულ საგანსა და მოვლენაზე). ცოდნა – ეს "გაგების მდგომარეობაა”, რომელიც ახასიათებს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ცნობიერებას, რაც ურთიერთობის პროცესში შეგვიძლია გავუზიაროთთ სხვა ადამიანებს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ცოდნას ახალი ინფორმაციის გასააზრებლად. ამგვარად, ცოდნის შეძენა წარმოადგენს აქტიურ ფსიქიკურ პროცესს. ყოველი ადამიანი აგებს "ცოდნის მუდმივად გაფართოებად სტრუქტურას”, რომელიც აკავშირებს ახალ იდეებს უკვე არსებულთან. ამიტომ ცოდნა ყოველთვის პიროვნულია და გარკვეული თვალსაზრისით _ უნიკალური. ცოდნის ეს სტრუქტურები ან სქემები სამყაროს ჩვენეული მოდელია.
სამეცნიერო ლიტერატურაში ვხვდებით განსხვავებულ მიდგომებს კრიტიკული აზროვნების ცოდნის კომპონენტის განსაზღვრებისადმი. ასე, მაგალითად, მ. მეისონი მას ახასიათებს, როგორც "ცოდნის გარკვეულ მოცულობას, იქნება ეს კრიტიკული აზროვნების ძირითადი ცნებების ცოდნა, ან ამა თუ იმ მეცნიერული დისციპლინის ცოდნა, რომლისთვისაც მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული აზროვნება”. რ. ენისი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება, როგორც დისციპლინათშორისი და ზესაგნობრივი კატეგორია, ატარებს დედუქციურ ხასიათს: მოსწავლე იძენს კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალურ უნარებს კონკრეტული დისციპლინის გარეშე და შეუძლია გამოიყენოს ისინი ცოდნის განსხვავებულ სფეროებში. ჯ. მაკ პენი ყურადღებას ამახვილებს კრიტიკული აზროვნების ინდუქციურ ხასიათზე: იგი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება კონკრეტული მეცნიერული სფეროსაგან განუყოფელია. ამა თუ იმ მეცნიერული დისციპლინის პრობლემების კრიტიკული განხილვის აუცილებებლი პირობაა ამ დისციპლინის სიღრმისეული ცოდნა. "ჩვენ არ შეგვიძლია კრიტიკულად განვიხილოთ ბირთვული ფიზიკის პრობლემები, თუკი არაფერი გაგვეგება ბირთვულ ფიზიკაში”, _ წერს ის.
იმისათვის, რომ პრობლემებს კრიტიკულად მივუდგეთ, აუცილებელია, განვიხილოთ განსხვავებული მოსაზრებების სუსტი და ძლიერი მხარეები, ღირსებები და ხარვეზები.
ვინ არის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი?
კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვს ღიაა სიახლის მიმართ, აღიქვამს სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვანებით და პრინციპულად იცავს საკუთარ ღირებულებებს. კრიტიკულად მოაზროვნენი აცნობიერებენ მათთვის უცნობ იდეებზე მსჯელობის უსამართლობასა და აბსურდულობას ამ იდეების სიღრმისეული გააზრების გარეშე ("მე არ მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რასაც ამბობ, არასწორია”). კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ემიჯნება ეგოცენტრულობასა და სოციოცენტრიზმს.
ეგოცენტრულობა – ეს რეალობის ჩანაცვლებაა პიროვნული აღქმით. ის თავს ამჟღავნებს, როგორც ყველა იმ თვალსაზრისის, იდეისა თუ ფაქტის გაანალიზებისა და მიღების უუნარობა (ან სურვილის არქონა), რაც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებასთან. მისი უკიდურესი ფორმა ხასიათდება პრეტენზიით, "იყოს მართალი ყველაფერში”; თანმიმდევრულობისა და სიცხადისადმი არასაკმარისი ინტერესით; "ყველაფერი ან არაფერი” – დამოკიდებულებით ("მე მართალი ვარ 100%-ით, თქვენ 100%-ით ცდებით”); საკუთარი სააზროვნო პროცესისადმი კრიტიკული დამოკიდებულების უქონლობით. ეგოცენტრული ინდივიდი უპირატესად მიმართულია, ზოგადად, სიმართლისა და სამართლიანობის ძიებისაკენ და ნაკლებად ისწრაფვის, თავად იყოს პატიოსანი და სამართლიანი. ეგოცენტრულობა კრიტიკული აზროვნების საპირწონეა.
ვინაიდან ყველა ადამიანი სოციალიზებულია, ეგოცენტრულობა ნაწილობრივ ვითარდება სოციოცენტრულობის ჩარჩოებში. ინდივიდი შეუმჩნევლად გადადის განცხადებიდან "მე მართალი ვარ” განცხადებაზე "ჩვენ მართლები ვართ”.თუკი ეგოცენტრულობა და სოციოცენტრულობა სენია, მაშინ თვითშეგნება მისი წამალია.
ჩვენი თავდაჯერებულობა ადვილი შესანარჩუნებელია იმიტომ, რომ მონდომებით ვხუჭავთ თვალს საკუთარი აზროვნების შეცდომებზე. თითქმის ავტომატურად ვუმალავთ ჩვენს ეგოცენტრულობას საკუთარ თავს. ძნელად ვამჩნევთ, როდის ეწინააღმდეგება ჩვენი ქცევა ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე. ჩვენი რწმენა ეფუძნება მცდარ ვარაუდებს, რომელთა წარმომავლობის შესახებ არაფერი ვიცით. არ შეგვიძლია გამოვყოთ რელევანტური განსხვავებები, თუმცა სხვა სიტუაციაში ვიცით, როგორ შევქმნათ ისინი და არ გვიჭირს ამის გაკეთება (მაგალითად მაშინ, როდესაც ამგვარი განსხვავებების გამოყოფა არ გვიშლის ხელს მივიღოთ ის, რაც გვინდა). ჩვენ უარვყოფთ ან "ვივიწყებთ” ფაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებებს. არასწორად განვმარტავთ ან ვამახინჯებთ იმას, რაზეც საუბრობენ სხვები.
საკითხის გადაწყვეტა გულისხმობს იმას, რომ ვიფიქროთ საკუთარ რწმენასა და ქცევაზე; გავხადოთ ვარაუდები ზუსტი, არაორაზროვანი, კრიტიკულად გავაანალიზოთ ისინი და როდესაც ჩვენი პოზიცია მცდარია, შევწყვიტოთ მისი მტკიცება; შევაფასოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები ერთი პოზიციიდან; განვიხილოთ ყოველი რელევანტური ფაქტი და გამოვიტანოთ დასკვნები მხოლოდ მათზე დაყრდნობით. მთავარია, შეგვეძლოს ყურადღებით და უარყოფითი განწყობის გარეშე მოვუსმინოთ მათ, ვისაც არ ვეთანხმებით. ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ ეგოცენტრული ტენდენციები, თუკი გავაცნობიერებთ მათ ობიექტურად. მაშინ დავინახავთ, რომ ასეთი ტენდენცია ირაციონალური და დაუსაბუთებელია. ამგვარად, ადამიანის მიერ ეგოცენტრული და სოციოცენტრული აზროვნების სპეციფიკის გაგება კრიტიკული აზროვნების ათვისების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
თემა მომზადებულია მასალიდან: http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=408
კრიტიკული აზროვნება-სამოქალაქო განვითარების ინტიტუტი
ვიდეო რესურსი შეიქმნა პროექტის ,,საგანმანათლებლო რესურსები მედიაწიგნიერებაში" ფარგლებში, ფონდი ღია-საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით.
საგანმანათლებლო რესურსი განკუთვნილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისათვის.
კრიტიკული აზროვნების თემის საკვანძო კატეგორიას წარმოადგენს ცნება "კრიტიკული აზროვნება”. ექსპერტები გამოყოფენ კრიტიკული აზროვნებისათვის დამახასიათებელ კონკრეტულ კოგნიტიურ უნარ-ჩვევებს. ისინი თითქმის ერთსულოვნად ასახელებენ ძირითადი უნარ-ჩვევების რიცხვში ანალიზის, შეფასებისა და დასკვნების ფორმულირების უნარს. მათი უმრავლესობა ამატებს ამ ჩამონათვალს ინტერპრეტაციის, განმარტებისა და თვითრეგულაციის უნარს. კრიტიკული აზროვნების ცნობილი მკვლევარი დ. კლუსტერი განსაზღვრავს კრიტიკულ აზროვნებას 5 ძირითადი პრინციპით:
1. კრიტიკული აზროვნება არის დამოუკიდებელი აზროვნება. ამგვარად, აზროვნება შეიძლება იყოს კრიტიკული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია;
2. ინფორმაცია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყის და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად;
3. კრიტიკული აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრითა და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით;
4. კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებებს გონივრული არგუმენტებით, საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება, მტკიცებულება, დასაბუთება და საფუძველი. ეს უკანასკნელი ყველა დანარჩენი ელემენტის