top of page

დისტანციური სწავლება

   დისტანციური სწავლება (E-learning) გახლავთ სწავლების ფორმა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის "პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან." დისტანციური სწავლების სათავედ შეგვიძლია 1728 წელი მივიჩნიოთ, როდესაც პირველად გაზეთში Boston Gazette განცხადება გაჩნდა, მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა. თუმცა დღეს ცნობილი არ არის, იპოვა თუ არა მან სტუდენტები, მაგრამ ის ნამდვილად ცნობილია, რომ ეს მეთოდი აქტიურად 19-ე საუკუნეში, საფოსტო სისტემის დახვეწის შემდეგ ამოქმედდა, მინიმუმ 1840-იან წლებში, როდესაც დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი, ფოსტის მეშვეობით ასწავლიდა სტუდენტებს. ლონდონის უნივერსიტეტი (University of London) აცხადებს, რომ სწორედ მან დანერგა პირველად  ოფიციალური

დისტანციური სწავლება 1858 წელს. მას შემდეგ და მეოცე საუკუნის ბოლომდე ეს სისტემა უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა, თუმცა ფეხი მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა. 2006 წლის მონაცემებით ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულებების 96 პროცენტი სტუდენტებს რაიმე სახის ელექტრონულ კურსს სთავაზობს და რომ 2005 წელს 3.2 მილიონმა ამერიკელმა სტუდენტმა ერთი სემესტრი მაინც სწორედ დისტანციური სწავლებით დახურა. სწავლების ამ სისტემას გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, მაგალითად:

დადებითი:

1) მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა - ელექტრონული კურსების აღება შეგიძლიათ მაშინ, როდესაც ეს მოგესურვებათ, არ არის აუცილებელი სასწავლებლის საგაზაფხულო, საშემოდგომო ან რომელიმე სხვა სემესტრის ლოდინი. ელექტორნული სწავლებისას მუშაობა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ, თუ თქვენ კომპიუტერი და ინტერნეტი გაქვთ.

2) მოქნილობა - არ არსებობს განსაზღვრული დრო ლექციებისთვის, თვითონ წყვეტთ, როდის გსურთ დავალებების შესრულება. თქვენ იცით, როდისთვის რა გაქვთ ჩასაბარებელი, ბევრი კურსი კი გრაფიკის შედგენას თვითონ გთავაზობთ.

3) არჩევანი - ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე დისტანციური სწავლების შესაძლებლობების ბუმია, რის შედეგადაც ძალიან ბევრმა აკრედიტირებულმა და კარგი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტმა დაიწყო ასეთი პროგრამების შედგენა.

4) ღირებულება - ფასები, ძირითადად ბევრად ნაკლებია ელექტრონული კურსის არჩევის შემთხვევაში, ვიდრე ეს ტრადიციულ სასწავლებლებშია - თანაც რა თქმა უნდა, მცირდება კვების, საცხოვრებელი ადგილისა და მგზავრობის ხარჯები.

5) მართვადი - სასწავლო გარემოს თვითონ იქმნით, თქვენ არჩევთ ადგილსა და სქემას.

6) ზოგიერთი მოსწავლისთვის უკეთესია - მაგალითად ინტროვერტი ადამიანებისთვის, მათთვის ვისაც ენობრივი ბარიერი აქვს, ვისაც მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

7) სამსახური/კარიერა - რადგანაც დისტანციური სწავლება კიბერსამყაროშია და თქვენითვე რეგულირდება, არ არსებობს აუცილებლობა შეწყვიტოთ მუშაობა, ან აიღოთ აკადემიური და ამით გაიფუჭოთ საქმე ან სამსახურში ან სასწავლებელში.

უარყოფითი:

1) ლექტორთან პირისპირ შეხვედრა - თუ თქვენ ყოველთვის მასწავლებელთან, ლექტორთან ურთიერთობა გირჩევნიათ და ყურადღება გჭირდებათ, სავარაუდოდ სწავლების ეს სისტემა თქვენთვის არ არის.

2) აღქმა/რეპუტაცია - მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა მეტი და მეტი ცნობილი უნივერსიტეტი ქმნის ელექტრონულ პროგრამას, მაინც არსებობს გარკვეული სტერეოტიპი ამ ტიპის სწავლების მიმართ.

3) მოითხოვს ახალ უნარებსა და ტექნოლოგიებს - თუკი თქვენ არ გეხერხებათ კომპიუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა ან საერთოდ არ გიყვართ თანამედროვე ტექნოლოგიები, დისტანციური სწავლება თქვენთვის არ არის.

4) არანაირი სოციალური ინტერაქცია - მიუხედავად იმისა, რომ თანაკურსელებთან ელექტრონული მეილის, ჩათებისა და ფორუმების მეშვეობით შეგიძლიათ და მოგიწევთ კიდეც კონტაქტი, მაგრამ ეს პირად ურთიერთობას მაინც ვერ შეცვლის.

5) დროის გაყვანა - თუ თქვენ ადამიანების იმ ტიპს მიეკუთვნებით, რომელსაც ყოველთვის სჭირდება ბიძგი და გარემო, რომ სამუშაო დაამთავროს, ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ დისტანციური სწავლება.

6) ნაკლები მხარდაჭერა - სტუდენტებისგან მოითხოვება სხვადასხვა რესურსის მოძიება დავალებების შესასრულებლად, რაც ზოგისთვის სასიამოვნო შესაძლებლობაა, ზოგისთვის კი დამთრგუნველი და შემაშფოთებელი.

7) სტუდენტური ცხოვრება - ბევრისთვის სტუდენტობა მნიშვნელოვან და სახალისო პერიოდთან ასოცირდება, მოიცავს ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, მათთან ერთად გართობას და ა.შ დისტანციური სწავლება კი სტუდენტურ ცხოვრებას საერთოდ არ მოიცავს.

რა თქმა უნდა, ეს დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების არასრული ჩამონათვალია, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას მაინც იძლევა ამ სისტემის შესახებ. მნიშვნელოვანი დადებითი მხარე გახლავთ ის, რომ სწავლების ეს მეთოდი პატიმრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ, როგორც იცით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება უკვე შეუძლიათ, ახლა კი უმაღლესში სწავლის საშუალებაც მიეცემათ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ეს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ჯერ-ჯერობით გარემო არაკეთილმოწყობილია. მათ ქალაქში გადაადგილების ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ. დიდ ქალაქებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებსაც დედაქალაქში ურჩევნიათ განათლების მიღება, მაგრამ გარკვეული, ძირითადად ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ და ასევე მათთვის ვინც მუშაობას სტუდენტობისას იწყებს, მათ აღარ დასჭირდებათ ლექციებისა და გამოცდების გაუთავებლად გაცდენა, ამის გამო საგნების ხელმეორედ აღება, სემესტრების დამატება, რაც თავის თავად დიდი ხარჯია და ხარისხზეც უარყოფითად აისახება. მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ, ამ ტიპის სწავლება შეიძლება ბევრმა "ბოროტად" გამოიყენოს, ეს იქნება გამართლებული საბაბი იმისთვის, რომ არ იარონ ლექციებზე. ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა, დაჩქარებული დასკვნების გაკეთებაც უაზრო იქნება, რადგან რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ არ გადადგმულა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საკმარისია ინტერნეტში მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა ან კურსები, საიტზე დარეგისტრირდეთ, საჭიროების შემთხვევაში გადაიხადოთ სწავლის საფასური. თანაც, როგორც წესი, დისტანციური სწავლება ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით იაფი ჯდება.

დისტანციური ონლაინკურსები თანდათან სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სწავლის ამ მეთოდს ცნობილი უნივერსიტეტები და ორგანიზაციები გთავაზობენ. მაგალითად, ბრიტანეთის საბჭოს კურსები: თუ გსურთ მოემზადოთ ACCA-ს რომელიმე კვალიფიკაციისთვის ან ცოდნა გაიღრმაოთ მენეჯმენტის სფეროში, ამისთვის http://www.accaglobal.com-ს უნდა მიმართოთ.

DISTANCE DELTA-ს პროგრამა ინგლისური ენის მასწავლებლებისთვისაა, იგი საერთაშორისო სახლისა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ არის შემუშავებული. პროგრამა სპეციალისტებს ამზადებს DELTA-ს (ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი კემბრიჯის დიპლომი) გამოცდისთვის.

FATHOM ონლაინსწავლების ცენტრია, რომელსაც უძღვება ბრიტანეთი/აშშ-ის უნივერსიტეტების კონსორციუმი. აქ ტარდება კურსები და სემინარები სხვადასხვა თემებსა და საკითხებზე.

I LEARN.TO – ბრიტანეთში არსებული ონლაინტრენინგ კომპანიაა, რომელსაც ელექტრონული სწავლების ბაზრის მიმართ ახლებური მიდგომა აქვს; ყურადღებას ამახვილებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ძირითადი კომპიუტერული ცოდნა, მაღალი დონის IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები), მენეჯმენტი, მოლაპარაკებები და კომუნიკაციები.

LEARN DIRECT ბრიტანული სამთავრობო ვებგვერდია. იგი მსურველებს სხვადასხვა ონლაინკურსს სთავაზობს.

NATIONAL EXTENSION COLLEGE ნებისმიერი ასაკის სტუდენტს სხვადასხვა სპეციალობაში სთავაზობს GCSE, A-Levels და პროფესიულ კურსებს.

OPEN LEARNING CENTRE INTERNATIONAL პიროვნულ განვითარებასა და განათლებასთან დაკავშირებით მოსახერხებელ ტრენინგსა და კურსების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

OPEN LEARNING ACADEMY მოიცავს ტრადიციულ დისტანციური სწავლების მასალებსა და უნიკალურ საერთაშორისო ინდივიდუალური სწავლების სისტემას. ნებისმიერი ასაკის სტუდენტს სხვადასხვა სპეციალობაში სთავაზობს GCSE, AS და A- Levels კურსებს.

OXFORD OPEN LEARNING გთავაზობთ GCSE-ს, A-Levels და პროფესიულ სასწავლო კურსებს. მასში გაერთიანებულია GCSE და A-Levels-ის საგანთა უმრავლესობა.

TRACE ONLINE – ეს არის კურსები შემოქმედებითი წერის ხელოვნებაში. გაერთიანებულია: ელექტრონული წერა, ვებგვერდის დიზაინი, საბავშვო მწერლობა, ვორქშოფები შემოქმედებით წერაში, ნოველის წერა, მონახაზის გაკეთება, სტატიის წერა. კურსი გათვლილია მწერალთა გამოცდილების ასამაღლებლად და გასავარჯიშებლად.

BEGINNERS' TUTORIALS (უფასო) – აქ არის ასობით უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამა.

LEARN DIRECT FOR BUSINESS (უფასო) – დამწყებთათვის განკუთვნილი კურსებია ICT-ში, ბიზნესმენეჯმენტსა და ზოგად უნარ-ჩვევებში; აქვე შედის გამოცანები და თამაშები. ეს არის დაწყებითი დონე, რომელიც გამოადგებათ როგორც არაინგლისურენოვან მსურველებს, ასევე მათ, ვისაც ფორმალური სწავლის შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვთ.

NUTROCKER (უფასო) – ეს არის კომპიუტერული პროგრამებისა და პროგრამირების უფასო ონლაინკურსები.

ONLINE WEB PRACTICALS (უფასო) – ორგანიზებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის ქიმიის განყოფილების მიერ. აქ გაერთიანებულია კომპიუტერული სამომხმარებლო პროგრამები, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) და ქიმია. განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის, რომელთაც სამეცნიერო გზა აქვთ არჩეული.

WRITERS BUREAU (უფასო) სთავაზობს სასწავლო კურსებს შემოქმედებითი წერის ხელოვნებაში, ჟურნალისტიკასა და პოეზიაში.

დისტანციურ ონლაინკურსებს გთავაზობთ კოლუმბიის უნივერსიტეტი (www.cvn.columbia.edu/); BBC (www.bbctraining.com/); ჰარვარდის უნივერსიტეტი (www.extension.harvard.edu/DistanceEd/); მისურის უნივერსიტეტი (www.cdis.missouri.edu/); თქვენთვის სასურველ უფასო კურსებს ადვილად იპოვითwww.coursera.org-სა და www.edx.org/-ზე.

Coursera და EDX ალბათ ყველაზე ცნობილია ონლაინკურსებს შორის. Coursera სტუდენტებს რამდენიმე ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტის – ბერკლის, ბრაუნის, კოლუმბიის, ჰონგკონგის, ოჰაიოს, ბრიტანული კოლუმბიის, კალიფორნიის, ფლორიდის, ლონდონის, მერილენდის, მელბურნის, პიტსბურგის, ვანდერბილტის, უესლეიანის, დიუკის, ჯონ ჰოპკინსის, პრინსტონის, სტენფორდის, ჯორჯიის, ედინბურგის, მიჩიგანის, ტორონტოს, ვირჯინიის, ვაშინგტონის, პენსილვანიის – კურსებს სთავაზობს. სულ საიტზე 196 კურსია, მათ შორის – კომპიუტერულ მეცნიერებებში, ეკონომიკაში, განათლებაში, ინჟინერიაში, ჯანდაცვაში, მათემატიკასა და ბიზნესმენეჯმენტში. EDX-ზე კი ჰარვარდის, ბერკლისა და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტების კურსების გავლაა შესაძლებელი.

ფრანგულ ენაზე სამაგისტრო პროგრამების დისტანციურ სწავლებას სთავაზობს მსურველებს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო. მის მიერ შეთავაზებული დისტანციური სწავლება სხვადასხვა უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებს მოიცავს: სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია, ინფორმატიკა, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, მულტიმედია, მედიცინა და მეცნიერების ისტორია. აღსანიშნავია, რომ კანდიდატის დოსიეს მიხედვით, ზოგიერთ სამაგისტრო პროგრამას ნაწილობრივ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო აფინანსებს, ხოლო მათთვის, ვინც დაფინანსებას ვერ მოიპოვებს, შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს, სწავლების საფასური კი უნივერსიტეტსა და სპეციალობაზეა დამოკიდებული. სემესტრული გამოცდები ცენტრში ტარდება, ზეპირი გამოცდა კი ვიდეოკონფერენციის სისტემის საშუალებით ხორციელდება. დისტანციური სწავლებით მიღებული დიპლომი აბსოლუტურად იდენტურია უნივერსიტეტის კლასიკური დიპლომის. მსურველებმა ფორმულარი საიტზე http://www.foad.refer.org უნდა შეავსონ.

ბოლო რამდენიმე წელია დისტანციური სწავლება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყო. სწავლების ეს მეთოდი ეხება როგორც ბაკალავრიატს, ისევე მაგისტრატურას.

ფილმი ეხება თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში დისტანციური მეთოდების დანერგვის პერპექტივებს საქართველოში. 
რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებთან?
რა უპირატესობები თუ ნაკლოვანებები გააჩნიათ დისტანციურ და ტრადიციულ სწავლების მეთოდებს ერთმანეთთან მიმართებაში? 
ჩვენ ვეცადეთ გვეპოვა ამ კითხვებზე პასუხები და ასევე გადმოგვეცა დისტანციური სწავლების როგორც მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები. 

წყარო: YouthExpress Georgia

bottom of page